კანონმდებლობა

დამტკიცდა 2014 წლის ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის წლიური კვოტა

დადგინდა 2014 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის:

ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა;

ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა;

გ) მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა.

 

ოზონის შრის დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა

კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, რომელიც წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ “ჩარჩო კანონს”, შეადგენს საფუძველს ყოველისმომცველი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შექმნისათვის საქართველოში. კანონი მიღებულ იქნა 1996 წლის 10 დეკემბრის #519 დადგენილებით და შეიცავს 52-ე მუხლს ოზონის შრის დაცვის შესახებ:

  1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებები) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზემოქმედებენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს.
  2. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია შემოაქვთ საქართველოში მხოლოდ სპეციალური ნებართვით.
  3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.

“ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 1999 წლის 22 ივნისს, დადგენილება #2116. ამ კანონის 54-ე მუხლის დებულებები განსაზღვრავენ ოზონოს შრის დაცვას:

  1. ”ოზონის შრის დაცვის შესახებ“ კონვენციითა და ”ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შე-წყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომ-ლე-ბიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას.

  2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება   „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.

  3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და იმავე ოქმის A და B დანართებით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარება.

  4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

  5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2002 წლის 8 მაისს გამოიცა პრეზიდენტის N226 ბრძანებულება “ ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირების წესების შესახებ”. ამ ბრძანებულების ძირითად ნაწილი ეხება ოდნ-ების ექპორტ-იმპორტის, ოდნ-ების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა სერტიფიცირების და შემნახველი კონტეინერების რეგულირების წესების საკითხებს.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , 2006 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება N184 “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე”